2თესალონიკელთა თავი 1

1 . პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში;

2 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.

3 . ვალდებულნი ვართ ძმებო, მარადის ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, რაც შესაფერია კიდეც, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

4 . ამიტომ თვითონვე ვიკვეხნით თქვენით, ღმერთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო და რომ იტანთ ყოველ დევნასა და გასაჭირს.

5 . რაც ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანია, რომ ღვთის სამეფოს ღირსნი გახდებით, რისთვისაც იტანჯებით კიდეც.

6 . ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,

7 . თქვენ კი შეჭირვებულებმა, ჩვენთან ერთად მოისვენოთ, როცა უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად,

8 . და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,

9 . რომლებიც მარადიულ დაღუპვას მიიღებენ სასჯელად უფლის პირისა და მისი სიძლიერის დიდებისგან.

10 . როცა ის მოვა, რათა იმ დღეს განდიდდეს თავის წმიდანებში და გააოცოს ყველა მორწმუნე; რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.

11 . ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.

12 . რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მადლით.