1 . პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი,
2 . და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს:
3 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან,
4 . რომელმაც ჩვენი ცოდვებისთვის მისცა თავი, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,
5 . რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
6 . მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.
7 . თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.
8 . მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი.
9 . როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს.
10 . ახლა ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ თუ ღმერთისას? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი.
11 . ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, ადამიანური არ არის.
12 . ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
13 . რადგან გსმენიათ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდევლობაში, რა სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის ეკლესიას.
14 . მრავალ ჩემი ასაკის თანატომელს აღვემატებოდი იუდეველობაში, რადგან მამების გადმოცემების დიდად მოშურნე ვიყავი.
15 . ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,
16 . გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი; მყისვე როდი ვეთათბირე ხორცსა და სისხლს.
17 . არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოში.
18 . მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
19 . სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა.
20 . გარწმუნებთ ღვთის წინაშე რომ, რასაც გწერთ სიცრუე არ არის.
21 . ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში.
22 . მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისთვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.
23 . მხოლოდ ის სმენოდათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა იმ რწმენას ახარებს, რომელსაც ადრე ებრძოდაო,
24 . და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.