1 . დარიოსის მეფობის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მეშვეობით იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძისა და მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ:
2 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო უფლის სახლის აშენების დრო.
3 . და იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიერ:
4 . იმის დრო ხომ დადგა, რომ შეფიცრულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
5 . ახლა კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს.
6 . ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ რწყულდებით, იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. თუ ვინმე რამეს შოულობს, გახვრეტილი ქისისთვის შოულობს.
7 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჩაუკვირდით თქვენს გზებს!
8 . ადით მთაზე, მორები აიტანეთ და ხელახლა ააშენეთ ტაძარი. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები - ამბობს უფალი.
9 . დიდი მოსავლის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ, აჰა, მცირედს ღებულობთ და რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? - ამბობს ცაბაოთ უფალი - იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი საკუთარი სახლებისკენ გარბიხართ.
10 . ამიტომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ - მოსავალი.
11 . გვალვას მოვუხმე მიწაზე, მთებზე, მარცვლეულზე, მაჭარზე, ზეთზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანებზე, საქონელსა და თქვენი ხელის მთელ ნაჯაფარზე.
12 . ისმინეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, უფალმა, მათმა ღმერთმა რომ გამოგზავნა; და შეშინდა ხალხი უფლის წინაშე.
13 . თქვა ანგიამ, უფლის მაცნემ, უფლის უწყებაში: მე თქვენთანა ვარ, - ამბობს უფალი.
14 . და აღძრა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, იესო იეჰოცადაკის ძის, მღვდელმთავრის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,
15 . მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეორე წელს.