სოფონია თავი 1

1 . უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონია ქუშის ძეს, გედელიაჰუს ძეს, ამარიას ძეს, ხიზკიაჰუს შთამომავალს, იუდას მეფის, იოშია ყამონის ძის დღეებში.

2 . ყველაფერს აღვგვი მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.

3 . აღვგვი კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველსა და ზღვის თევზებს, მაცდურს ბოროტეულებთან ერთად; აღვგვი ადამიანს მიწის პირიდან! - ამბობს უფალი.

4 . ხელს მოვუღერებ იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ; მოვსპობ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს და ქურუმთა სახსენებელს, მღვდლებთან ერთად.

5 . მათ, ბანებზე რომ სცემენ თაყვანს ციურ ლაშქარს და უფალსა და მილქომს რომ იფიცებენ.

6 . მათ, ვინც განუდგნენ უფალს, აღარ ეძებდნენ და აღარაფერს ეკითხებოდნენ.

7 . დადუმდი უფლის, ღმერთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს უფალს მსხვერპლი, ამორჩეული ჰყავს სტუმრები.

8 . დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და დავსჯი მთავრებს, უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს.

9 . დავსჯი იმ დღეს ყველას, ტაძრის ზღურბლის გადამლახველს, თავიანთი უფლის სახლს ძალადობითა და სიცრუით რომ ავსებდნენ.

10 . იმ დღეს გაისმება - ამბობს უფალი - გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან, მოთქმა საპირისპირო მხრიდან და დიდი ნგრევის ხმა მაღლობებიდან.

11 . იბღავლეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან ყველა მოვაჭრე განადგურდება და ვერცხლის ყველა მიმწონი ამოწყდება.

12 . მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!

13 . გაიძარცვება მათი ქონება და გაუკაცრიელდება მათი სახლები; სახლებს ააშენებენ და ვერ იცხოვრებენ მათში, ვენახებს გააშენებენ და ვერ დალევენ მათგან ღვინოს.

14 . ახლოა უფლის დიადი დღე, ახლოა და მალე მოვა; ისმინეთ ხმა უფლის დღისა! მწარედ ატირდება იმ დღეს ყველაზე მამაციც კი!

15 . რისხვის დღეა ეს დღე! უბედურებისა და გაჭირვების დღე, ნგრევისა და გაუდაბურების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლებისა და ბურუსის დღე,

16 . ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ საყვირისა და საბრძოლო შეძახილების დღე!

17 . შევაჭირვებ ადამიანებს და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიბნევა მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.

18 . ვერც მათი ვერცხლი იხსნის მათ და ვერც - მათი ოქრო, უფლის რისხვის დღეს; და შთანთქავს მთელს ქვეყანას თავისი ეჭვიანობის ცეცხლით, რადგან, უცაბედად მოუღებს ბოლოს ქვეყნის ყველა მკვიდრს.