აბდია თავი 1

1 . აბდიას ხილვა: ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე - ამბავი გვესმა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად!

2 . აჰა, დაგამცირებ ხალხთა შორის, მოძულებული ხარ ფრიად.

3 . გაცდუნა შენმა გულის ამპარტავნობამ, კლდის ნაპრალში დასახლებულო, შენი სადგომის სიმაღლეებში; გულში ამბობ: ვინ დამცემს მიწამდე?

4 . არწივივით მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიდო ბუდე, იქიდანაც დაგცემ ძირს! - ამბობს უფალი.

5 . ქურდები რომ დაგცემოდნენ თავს ან ღამის ყაჩაღები, ასე არ გაჩანაგდებოდი! განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მოიპარავდნენ ისინი? ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, განა ცოტა ყურძენს მაინც არ დაგიტოვებდნენ?

6 . როგორ გაძარცვულა ესავი, როგორ გაუჩხრეკავთ მისი საგანძურები!

7 . საზღვრამდე გდევნა ყველა შენმა მოკავშირემ, გიმუხთლეს და დაგძალეს შენთან მშვიდობით მცხოვრებლებმა; შენივე პურის მჭამელებმა დაგიგეს მახე: გონიერება არ არის მათში!

8 . განა იმ დღეს არ იქნება - ამბობს უფალი - რომ მოვსპობ ბრძენკაცებს ედომში და გონიერებას - ესავის მთაზე?

9 . შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან მახვილით ამოწყდება ყოველი კაცი ესავის მთაზე.

10 . იმის გამო, რომ ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ მოიკვეთები.

11 . იმ დღეს, როცა იდექი და გვერდიდან უყურებდი, უცხოტომელებს რომ მიჰქონდათ მისი ქონება, უცხო თესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანივით იყავი.

12 . არ უნდა გეყურებინა შენი ძმის დღისთვის, მისი ჭირის დღისთვის და არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი განადგურების დღეს; არ უნდა გეტრაბახა მათი გაჭირვების დღეს.

13 . არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს. დიახ, არ უნდა გეყურებინა მისთვის მისი ჭირის დღეს და ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი უბედურების დღეს.

14 . არ უნდა მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად და არ უნდა გაგეცა მისი ნატამალი გაჭირვების დღეს.

15 . რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხზე. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან; ყველაფერი მოგეზღვება.

16 . რადგან როგორც თქვენ სვამდით ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამენ ხალხები განუწყვეტლივ. შესვამენ და შთაინთქმებიან და იქნებიან, თითქოს არასოდეს ყოფილან.

17 . სიონის მთაზე კი გადარჩენილნი იქნებიან და წმიდა იქნება იგი; დაეუფლება იაკობის სახლი თავის სამკვიდროს.

18 . იაკობის სახლი ცეცხლი იქნება, იოსების სახლი - ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა; ცეცხლს წაუკიდებენ და შთანთქავენ მათ, ისე რომ ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.

19 . სამხრეთში მცხოვრებნი ესავის მთას დაიმკვიდრებენ, დაბლობში მცხოვრებნი - ფილისტიმს; ისრაელი ეფრემის და სამარიის მხარეს დაიმკვიდრებს, ბენიამინი - გილყადს.

20 . ისრაელის ძეთა განთესილი ლაშქარი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს. სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს.

21 . ავლენ გამათავისუფლებელნი სიონის მთაზე, ესავის მთის განსაკითხად და უფლისა იქნება სამეფო.