1 . იუდას მეფე იეჰოიაკიმის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე გამოილაშქრა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და ალყა შემოარტყა მას.
2 . ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე, ღვთის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილთან ერთად; წაიღო მეფემ ჭურჭლეული შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა.
3 . უბრძანა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთუხუცესს, რომ მიეგვარა მისთვის ისრაელის ძენი სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან;
4 . უნაკლო, კარგი შესახედაობის და ყოველგვარ სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა შეეძლებოდათ.
5 . და განუწესა მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის რჩეული სუფრიდან და იმ ღვინიდან, თვითონ რომ სვამდა. ბრძანა, სამი წლის განმავლობაში განესწავლათ ისინი და მერე წარედგინათ მეფისთვის.
6 . იყვნენ მათ შორის იუდას ძეთაგან: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
7 . საჭურისთუხუცესმა სახელები შეუცვალა მათ: დანიელს ბელტეშაცარი დაარქვა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი და ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.
8 . გულში ჩაიდო დანიელმა, რომ თავი არ შეებილწა მეფის რჩეული ულუფით და მისი სასმელი ღვინით და ნებართვა სთხოვა საჭურისთუხუცესს, რომ თავი არ შეებილწა.
9 . მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთუხუცესის თვალში.
10 . უთხრა საჭურისთუხუცესმა დანიელს: "მეშინია ჩემი ბატონი მეფის, რომელმაც განაწესა თქვენი საჭმელ-სასმელი. თუ დაინახა, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო გამხდარია, ხომ დავდანაშაულდები მეფის წინაშე”.
11 . უთხრა დანიელმა მეთვალყურეს, საჭურისთუხუცესმა რომ მიუჩინა დანიელს, ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას:
12 . "გთხოვ, ათი დღის განმავლობაში გამოსცადო შენი მსახურნი; საჭმელად ბოსტნეული მოგვცენ და სასმელად - წყალი.
13 . მერე კი შეადარე ჩვენი პირისახე იმ ყმაწვილების პირისახეს, მეფის რჩეული ულუფიდან რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოექეცი შენს მსახურთ”.
14 . უსმინა მათ ნათქვამს და ათ დღეს ამოწმებდა.
15 . ათი დღის თავზე დაინახა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანსაღები იყვნენ, ვიდრე ყმაწვილები, მეფის რჩეულ ულუფას რომ ჭამდნენ.
16 . ამის შემდეგ მეთვალყურეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და დასალევი ღვინო, მხოლოდ ბოსტნეულს აძლევდა.
17 . და მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ყოველი წიგნის შემეცნების ნიჭი, გონიერება და სიბრძნე; დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის განმარტებაც შეეძლო.
18 . ის დღეები რომ ამოიწურა, რაც მათ განსასწავლად დანიშნა მეფემ, საჭურისთუხუცესმა ნაბუქოდონოსორს წარუდგინა ისინი.
19 . ელაპარაკა მათ მეფე და არავინ აღმოჩნდა მათ შორის დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ბადალი; და შეუდგნენ მეფის წინაშე სამსახურს.
20 . ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებაში, რაც მეფემ გამოჰკითხა მათ, აღმოჩნდა, რომ ისინი სამეფოს ყველა მოგვსა და ჯადოქარზე ათჯერ მეტად გონიერნი იყვნენ.
21 . მეფე კიროსის გამეფების პირველ წლამდე იყო იქ დანიელი.