გოდება იერემიასი თავი 4

1 . როგორ დაიბინდა ოქრო, შეიცვალა საუკეთესო ოქრო; ყველა ქუჩის თავში გადმოიყარა საწმიდრის ძვირფასი ქვები.

2 . ძენი სიონისა, აუწონავი ბაჯაღლოსავით ძვირფასნი, როგორ დაემსგავსნენ მექოთნის ხელით ნაზელ თიხის დოქებს.

3 . ტურებიც კი მკერდს უშვერენ თავიანთ ლეკვებს, აჭმევენ ძუძუს! ჩემი ხალხის ასული კი სასტიკი გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.

4 . ძუძუმწოვართა ენა სასას მიეკრა წყურვილისგან, პურს ითხოვენ ბავშვები, მაგრამ არავინაა მიმწოდებელი.

5 . ნუგბარის მჭამელნი გულწასულნი ყრიან ქუჩებში, ძოწეულში გაზრდილნი ნაგავში ეხვევიან.

6 . გადააჭარბა ჩემი ხალხის ასულის ურჯულოებამ სოდომის ცოდვას, რომელიც წამში მოისპო ისე, რომ ხელიც არ შეხებია.

7 . სიონის მთავარნი თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრნი; მათი პირისახე მარჯანზე ღაჟღაჟა იყო, შეხედულებით საფირონს ჰგავდნენ.

8 . ნახშირივით ჩაუშავდათ სახეები, ვეღარ იცნობიან ქუჩებში; კანი დაუნაოჭდათ ძვლებზე, შეშასავით გამოუშრათ.

9 . მახვილით მოკლულიყვნენ სჯობდა, ახლა რომ შიმშილით იხოცებიან მინდვრის ნაყოფს მონატრულნი.

10 . გულმოწყალე ქალები თვითონ ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საჭმელი რომ ჰქონოდათ ჩემი ასულის უბედურებისას.

11 . გადმოაფრქვია უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოიღვარა მისი მძვინვარების ცეცხლი, ააგიზგიზა სიონი და შთანთქა მისი საფუძვლები.

12 . არც კი ეჯერათ ქვეყნის მეფეებსა და ქვეყნიერების მცხოვრებთ, რომ შემჭირვებელი და მტერი შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში.

13 . მის წინასწარმეტყველთა ცოდვებისა და მის მღვდელთა ურჯულოების გამო მოხდა ეს, მის წიაღში რომ ღვრიდნენ მართალთა სისხლს.

14 . ბრმებივით დაეხეტებიან ქუჩებში, სისხლით შებილწულნი, ისე რომ ვერავინ ეკარებოდა მათ სამოსელს.

15 . "განვედ, უწმიდურო!” უყვირიან. "გაგვშორდი, გაგვშორდი, არ შეგვეხო!” მიდიოდნენ და დაწანწალებდნენ; ხალხებში კი ამბობდნენ: "აქ აღარ ვაცხოვრებთო,

16 . უფალმა გაფანტა და მეტად აღარ მოხედავსო მათ, პატივს არ მიაგებდნენ ღვთისმსახურთ და მოხუცებულთ არ ინდობდნენო”.

17 . თვალები დაგვებინდა შემწეობის ამაო მოლოდინში, საგუშაგო გოდოლიდან გავცქეროდით ხალხს, რომელსაც არ შეეძლო ჩვენი შველა.

18 . უსაფრდებოდნენ ჩვენს ნაბიჯებს, რომ არ გვევლო ჩვენს ქუჩებში. მოახლოვდა ჩვენი ბოლო, დასრულდა ჩვენი დღეები, მოვიდა ჩვენი აღსასრული.

19 . ცის არწივებზე სწრაფნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვდევნიდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.

20 . სუნთქვა ჩვენი ნესტოებისა, უფლისგან ცხებული, იმათ ორმოში დატყვევდა; ვისზეც ვამბობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებთო ხალხებში.

21 . იმხიარულე და გაიხარე, ედომის ასულო, მცხოვრებო ყუცის ქვეყანაში, შენთანაც გადმოვა თასი, დათვრები და გაშიშვლდები.

22 . დასრულდა შენი ურჯულოების სასჯელი, სიონის ასულო, მეტად აღარ გაგდევნის; ხოლო შენ ედომის ასულო დაგსჯის შენი ურჯულოების გამო და გამოაჩენს შენს ცოდვებს.