იერემია თავი 1

1 . სიტყვა იერემიასი, ხილკიას ძისა, რომელიც ყანათოთელ ღვთისმსახურთაგან იყო, ბენიამინის ქვეყანაში,

2 . ვისზეც გადმოვიდა უფლის სიტყვა იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს.

3 . ეს იყო იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში, იოშიას, იუდას მეფის ძის, ციდკიას მეთერთმეტე წლის გასრულებამდე, იერუსალიმის მკვიდრთა გადასახლებამდე, მეხუთე თვეს.

4 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

5 . "სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი, სანამ საშოდან გამოხვიდოდი გამოგარჩიე და წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში”.

6 . მივუგე: "ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”.

7 . მომიგო უფალმა: "ნუ იტყვი, ყმაწვილი ვარო, ვინაიდან ყველგან, სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ.

8 . ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” - ამბობს უფალი.

9 . გამოიწოდა ხელი უფალმა, შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა: "აი, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვები.

10 . აჰა, დაგაყენე დღეს ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და დაამსხვრიო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგო”.

11 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: "რას ხედავ, იერემია?” ვუთხარი: "ნუშის ხის ტოტს ვხედავ”.

12 . მითხრა უფალმა: "კარგად ხედავ, რადგან ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად!”

13 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი მეორედ: "რას ხედავ?” მივუგე: "მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთიდან რომ ეშვება”.

14 . მითხრა უფალმა: "ჩრდილოეთიდან დაიძრება უბედურება ქვეყნის ყველა მცხოვრებზე.

15 . რადგან მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოების ყველა ტომს, ამბობს უფალი, მოვლენ და დაიდგამს თითოეული ტახტს იერუსალიმის კარიბჭეთა შესასვლელებში, მისი კედლების ირგვლივ, ყველგან, იუდას ყველა ქალაქში.

16 . და გამოვაცხადებ ჩემს მსჯავრს მათზე მათი ბოროტმოქმედების გამო, რადგან მიმატოვეს, სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს.

17 . შენ კი, შემოისარტყლე წელი, აღსდექ და უთხარი მათ ყველაფერი, რასაც გიბრძანებ. ნუ შედრკები მათ წინაშე, რათა მეც არ შეგაძრწუნო.

18 . აჰა, მე გაქციე დღეს გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად მთელ ამ ქვეყანაზე - იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი ღვთისმსახურებისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ.

19 . შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე ვარ შენთან, შენს გადასარჩენად!” - ამბობს უფალი.