1 . სიტყვანი ეკლესიასტესი, დავითის ძისა, მეფისა იერუსალიმში.
2 . "ამაოებათა ამაოება” - ამბობს ეკლესიასტე. - "ამაოებათა ამაოება, ყოველივე ამაოებაა!”
3 . რა სარგებელი აქვს ადამიანს, მთელი მისი შრომისაგან მზისქვეშეთში რომ ეწევა?
4 . თაობა მიდის და თაობა მოდის, დედამიწა კი რჩება საუკუნოდ.
5 . ამოდის მზე და ჩადის, მიისწრაფის თვისი ადგილისკენ, საიდანაც ის ამოვიდა.
6 . სამხრეთისაკენ უბერავს ქარი და ჩრდილოეთისკენ ტრიალდება, აგრძელებს ქროლვას იგი და უკან ბრუნდება წრეზე.
7 . ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება; იმ ადგილს, ისევ თავის სათავეს უბრუნდებიან, რათა კვლავ იდინონ.
8 . ყველაფერი დამღლელია, კაცი ვერ შეძლებს ყველაფრის მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ გაივსება სმენით.
9 . რაც იქნება, ის უკვე იყო და, რაც უკვე მოხდა, ისევ ის მოხდება: არაფერია ახალი მზის ქვეშ.
10 . არის რაღაც, რომ იტყვიან მასზე: "შეხედე, ახალია ეს!” ის კი, უკვე ყოფილა საუკუნეებში - ჩვენამდე რომ იყვნენ.
11 . არავის ახსოვს ძველ დროს მცხოვრებნი; ისინიც აღარ ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა და არც მათ შემდეგ მოსულები გაიხსენებენ მათ.
12 . მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავი ისრაელის იერუსალიმში.
13 . გული მივუძღვენი სიბრძნის ძიებასა და იმის კვლევას, რაც ცისქვეშეთში ხდებოდა; მძიმე საქმე მისცა უფალმა ადამის ძეებს, რომ დაკავდნენ მისით.
14 . ვიხილე მე ყოველი საქმე მზისქვეშეთში რომ გაკეთდა და აჰა, ამაოა ყოველივე და ქარის დევნა!
15 . გამრუდებულს ვერ გაასწორებ და არარსებულს ვერ დათვლი.
16 . ვამბობდი ჩემს გულში: "აჰა, შევიძინე და გავიმრავლე სიბრძნე ყველაზე მეტად, ვინც ჩემზე წინ იყვნენ იერუსალიმში და ჩემმა გულმა მრავლად იხილა სიბრძნე და ცოდნა!”
17.18 . აჰა, განვიზრახე გულში, რომ სიბრძნე შემეცნო და სიბრიყვე და სისულელე მცოდნოდა! მივხვდი, რომ ესეც ქარის დევნაა.18. რადგან დიდ სიბრძნეს დიდი ნაღველი მოსდევს და ცოდნის გაღრმავებით ტკივილს იღრმავებ.