ესთერი თავი 1

1 . ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ ოლქზე მეფობდა.

2 . იმ დღეებში, როცა მეფე ახაშვეროში თავის სამეფო ტახტზე იჯდა, შუშანის სასახლეში,

3 . თავისი მეფობის მესამე წელს, ნადიმი გაუმართა მთელ თავის დიდებულებსა და მსახურთ. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის მხედართმთავარნი, დიდებულნი და ოლქთა მთავარნიც მის წინაშე ისხდნენ.

4 . ას ოთხმოცი დღის განმავლობაში აჩვენებდა თავისი დიდი სამეფოს სიმდიდრესა და სიდიადის ბრწყინვალებას.

5 . ამ დღეთა დასასრულს კი მეფემ შუშანის სასახლეში მყოფი ყველა ხალხისთვის შვიდდღიანი ნადიმი მოაწყო სამეფო სასახლის ეზოში.

6 . ლაჟვარდოვანი და თეთრი ბამბეულის ქსოვილები მეწამული ბისონის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე; ოქროსა და ვერცხლის ტახტრევნები იდგა ალისფერი ქვის, მარმარილოს და ძვირფასი ქვების ქვაფენილზე.

7 . სასმელს ოქროს მრავალფერი სასმისებით სვამდნენ; სამეფო ღვინო კი უხვად იყო მეფური ხელგაშლილობისამებრ.

8 . როგორც წესი, ძალდატანების გარეშე სვამდნენ, რადგან ასე დაავალა მეფემ თავის სახლმმართველებს, რომ თითოეულს თავისი სურვილისამებრ მოქცეოდნენ.

9 . დედოფალმა ვაშთიმაც მოაწყო ნადიმი ბანოვანთათვის ახაშვეროშის სამეფო სასახლეში.

10 . მეშვიდე დღეს, როცა მეფის გული ღვინით გამხიარულდა, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს, მეფე ახაშვეროშის მომსახურე შვიდ საჭურისს,

11 . რომ მეფის წინაშე მოეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და დიდებულებისთვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი იყო იგი.

12 . მაგრამ არ ინება დედოფალმა ვაშთიმ მისვლა, საჭურისთა მეშვეობით მისთვის გადაცემული მეფის ბრძანებისამებრ. ძლიერ განრისხდა მეფე და გამძვინვარდა.

13 . დაეკითხა მეფე დრო-ჟამის მცოდნე ბრძენკაცთ, რადგან ასე სჩვეოდა მეფეს საქმის გადაწყვეტა, კანონისა და სამართლის ყოველი მცოდნის წინაშე.

14 . მასთან დაახლოებულნი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი - სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის სახის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი.

15 . "როგორ მოვექცეთ დედოფალ ვაშთის კანონით იმისთვის, რომ არ აღასრულა საჭურისების პირით შეთვლილი მეფე ახაშვეროშის ბრძანება?”

16 . თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: "არა მარტო მეფის წინაშე დააშავა დედოფალმა ვაშთიმ, არამედ ყველა მთავრისა და იმ ხალხთა წინაშე, მეფე ახაშვეროშის ყველა მხარეში რომ ცხოვრობენ.

17 . გაიგებენ დედოფლის ამბავს დედაკაცები და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს; იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა მის წინაშე დედოფალ ვაშთის მიყვანა ბრძანა, ის კი არ მივიდაო.

18 . სპარსეთისა და მიდიის მთავართა ცოლებიც, ვინც გაიგებს დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს და მრავლად შეგვხვდება დამცირება და წყენა.

19 . თუ ინებებს მეფე, გასცეს სამეფო განკარგულება, რომ სპარსეთისა და მიდიის კანონებში ჩაიწეროს და არ შეიცვალოს: აღარასოდეს შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე, მისი დედოფლობა კი, მეფემ სხვას, მასზე ღირსეულს მისცეს.

20 . მეფის განკარგულება მთელ მის ვრცელ სამეფოში გამოცხადდება და ყოველი დედაკაცი, დიდიდან მცირემდე, პატივისცემით მოექცევა თავის ქმარს”.

21 . მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს და მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე,

22 . ყველა მხარეში დაიგზავნა წერილები - ყოველ ოლქს თავისი დამწერლობით; და ეუწყა ყოველ ხალხს თავის ენაზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ იმ ერში, რომ ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში.