2ნეშტთა თავი 1

1 . გაძლიერდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში; უფალი, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აამაღლა იგი.

2 . მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს და მამისსახლთა თავკაცებს.

3 . გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ მაღლობისკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო საკრებულო კარავი, მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გააკეთა უდაბნოში.

4 . ღვთის კიდობანი კი დავითმა მისთვის გამზადებულ ადგილზე გადაიტანა კირიათ-იეყარიმიდან, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი.

5 . ხოლო სპილენძის სამსხვერპლო, ბეცალელმა, ური ხურის ძის ვაჟმა რომ გააკეთა, უფლის სავანის წინ იდგა. და წავიდა სოლომონი და მთელი კრებული, რომ უფლის სახე მოეძებნათ.

6 . ავიდა სოლომონი უფლის წინაშე სპილენძის სამსხვერპლოსთან, საკრებულო კარავთან რომ იყო და ათასი სრულადდასაწველი აღავლინა მასზე.

7 . იმავე ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?!”

8 . უთხრა სოლომონმა ღმერთს: „სიკეთით და წყალობით ავსებდი დავითს, მამაჩემს, მის ნაცვლად კი მე გამამეფე.

9 . უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი, რადგან მიწის მტვერივით აღურიცხავ ხალხზე გამამეფე;

10 . მომეცი ახლა სიბრძნე და ცოდნა, რომ გავდიოდე ამ ხალხის წინაშე და შევდიოდე, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს ესოდენ მრავალრიცხოვანი ხალხი?”

11 . უთხრა ღმერთმა სოლომონს: „იმის გამო, რომ გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე და ქონება, პატივი ან შენი მტრების სული, არც ხანგრძლივი სიცოცხლე მთხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა ჩემი ერის მართვისთვის, რომელზეც მე გაგამეფე!

12 . მოგეცა სიბრძნე და ცოდნა; თან ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენამდე მყოფ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს”.

13 . დაბრუნდა სოლომონი იერუსალიმში გაბაონის მაღლობზე მდგომი საკრებულო კარვიდან და მეფობდა ისრაელზე.

14 . შეკრიბა სოლომონმა ეტლები და მხედრები; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი მხედარი ჰყავდა; საეტლო ქალაქებსა და თავისთან, იერუსალიმში, განალაგა ისინი.

15 . ოქრო და ვერცხლი რიყის ქვას გაუთანაბრა იერუსალიმში, კედარი კი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ ხარობს.

16 . ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი სოლომონის ცხენები; მეფის ვაჭრები კეველი კაცებისგან ყიდულობდნენ ცხენებს საფასურით.

17 . ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად; ამავე ფასში ამარაგებდნენ ისინი ხეთელთა და არამელთა მეფეებსაც.