1 . აუმხედრდა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ.
2 . ჩამოვარდა ახაზია თავისი ზედათვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. გაგზავნა მოციქულები, თან უთხრა: "წადით, დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, გამოვჯანსაღდები თუ არა ამ სნეულებისგან?”
3 . უთხრა უფლის ანგელოზმა ელია თიშბელს: "წადი, დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი, ნუთუ აღარ არის-თქო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?
4 . ამიტომ ამბობს უფალი: ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები!” წავიდა ელია.
5 . დაბრუნდნენ მოციქულნი ახაზიასთან. ჰკითხა: "რატომ დაბრუნდით?”
6 . უთხრეს: "კაცი გამოვიდა შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და გადაეცით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არისო ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად? ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდებიო”.
7 . უთხრა მეფემ: "როგორი იყო ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?”
8 . უპასუხეს: "ბალნით არის დაფარული და წელზე ტყავის სარტყელი არტყამს”. თქვა მეფემ: "ეს ელიაა, თიშბელი”.
9 . მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდნენ და, აჰა, მთის თხემზე ზის ელია; უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, მეფემ შემოგითვალა, ძირს ჩამოვიდესო!”
10 . მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
11 . კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. მიუგო და უთხრა ორმოცდაათისთავმა: "ღვთისკაცო, ასე ბრძანებს მეფე, სასწრაფოდ ძირს ჩამოდიო!”
12 . ელიამ უთხრა: "თუ ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქას შენც და შენი ორმოცდაათი კაციც”. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და ისიც შთანთქა და მისი ორმოცდაათი კაციც.
13 . მესამედაც მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულით. ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი, მუხლებზე დავარდა ელიას წინაშე, ემუდარებოდა და ეუბნებოდა: "ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში.
14 . აჰა, ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და შთანთქა ორი წინამორბედი ორმოცდაათისთავი, თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად; ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში!”
15 . უთხრა უფლის ანგელოზმა ელიას: "ჩაჰყევი, ნუ გეშინია!” ადგა ელია და ჩავიდა მასთან ერთად მეფესთან.
16 . უთხრა მეფეს: "ასე ამბობს უფალი, რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გაგზავნე შენი მოციქულები საკითხავად, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი სიტყვას, ვეღარ ადგები სარეცელიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები”.
17 . მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, ელიამ რომ წარმოთქვა. მის ნაცვლად კი იორამი გამეფდა, იოშაფატის ძის, იორამის, იუდას მეფის გამეფების მეორე წელს, რადგან ძე არ ჰყოლია.
18 . ახაზიას დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.